ოპოზიცია იმაზე აპელირებს, თითქოს უგულავა ერთსა და იმავე საქმეზე არის დაკავებული, - ეს განცხადება უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ ცოტა ხნის წინ, საკანონმდებლო ორგანოში, გიგი უგულავაზე საუბრისას გააკეთა.
მისი თქმით, წინა შემთხვევაში, როდესაც გიგი უგულავამ სასჯელი მოიხადა, საუბარი იყო 4 მილიონი ლარის გაფლანგვაზე, ხოლო ახლა საუბარია 48 მილიონი ლარის გაფლანგვაზე. მდინარაძე ოპოზიციას არარსებულ პროცედურულ დარღვევებზე საუბარში ადანაშაულებს.
„მე გეტყვით რაში მდგომარეობს მთავარი ტყუილი, ვინც ამბობს, რომ გიგი უგულავას დაკავება პოლიტიკური დევნაა, ისინი აპელირებენ იმაზე, თითქოს ეს არის ორჯერ ერთი და იგივე საქმეზე გასამართლება, რაც აბსოლიტურად სპეკულაციური მესიჯია ერთი მთავარი არგუმენტიდან გამომდინარე, 2013 წლიდან მოყოლებული ყველა ეტაპზე, პროკურატუარა ამბობდა, რომ ეს არის გაფლანგვა, რაშიც პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოები არ დაეთანხმნენ და ეს პოზიცია პროკურატურისა გაიზიარა საქართველოს უზენაესმა სასამართლომ. მთავარი ტყუილი იმაში მდგომარეობს, რომ სწორედ ამაზე, პროცედურის დარღვევაზე მიუთითებენ პოლიტიკური დევნის არგუმენტად ჩვენი ოპონენტები, სადაც რეალურად პროცედურული დარღვევა არ არის. დანაშაული არის თუ არა და 48 მილიონი გაფლანგა თუ არა გიგი უგულავამ, ამ მიმართულებით საერთოდ არ საუბრობენ. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია ტყუილშიც ვამხილოთ, რომ ისინი პროცედურულ დარღვევებზე საუბრობენ, სადაც პროცედურული დარღვევა არ არის და არ საუბრობენ 48 მილიონზე და მის გაფლანგვაზე, სადაც არის რეალურად დანაშაული. საუბარი ეხება 48 მილიონ ლარს, წინა შემთხვევაში როდესაც სასჯელი მოიხადა საუბარი იყო 4 მილიონ ლარზე“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.